დღეს, 23 დეკემბერს, 13:00 საათზე, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი მელაძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატ გიორგი მელაძეს პროკურატურაში "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტებთან დაკავშირებით იბარებენ.
"საქმე ეხება მელაძის თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარების მიზნით აიპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტებს", - განმარტავენ მთავარ პროკურატურაში.
გიორგი მელაძე 2006 - 2008 წლებში თბილისის მერის მოადგილე იყო.