პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავასთვის აღმკვეთის ღონისძიების გირაოთი შეფარდების შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ, უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განმარტა.
,,საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უგულავასთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს და მოითხოვს მის მიმართ აღმკვეთის ღონისძიებსი სახით პატიმრობის გამოყენებას, რადგან აშკარად სახეზეა გიორგი უგულავას მხრიდან გამოძიებისთვის ხელის შეშლის მაღლი ალბათობა, მოწმეებზე ზეწოლის განხორციელების შესაძლებლობა", _განაცხადა კოკა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოიტანა. მთავარი პროკურატურა თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა. წინასასამართლო სხდომა 5 თებერვალს ჩაინიშნა.
თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.