თბილისის საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. სასამართლოში გამართულ პრესკონფერენციაზე სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც თბილისის მერს გიგი უგულავას უფლებამოსილება შეუჩერდა.
,,2013 წლის 21 დეკემბრის სასამართლოს განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო - 50 ათასი ლარის ოდენობით.აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ: ბრალდებული არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს ოჯახი, მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართალწარმოების ქვეყანასთან, ამასთანავე გამოძიების პროცესში მას თავი არ აურიდებია სამართალდამცავ ორგანოში და სასამართლოში გამოცხადებისათვის, ხოლო მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს ბრალდებულზე სამსახურებრივად დამოკიდებულ მოწმეებზე ზემოქმედება და მისი მხრიდან მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლა, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენება", _განაცხადა არეშიძემ და განმარტა რომ აღნიშულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2014 წლის 5 თებერვალს გაიმართებვა.
მისივე განმარტებით, უგულავას თანამდებობაზე დარჩენით ხელი შეეშლებოდა გამოძიებას და საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას, რის გამოც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის გადაყენება დაკავებული თანამდებობიდან.
,,რაც შეეხება თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, 2013 წლის 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის მერის გიორგი (გიგი) უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. სასამართლოს განჩინებით დედაქალაქის მერი თანამდებობიდან გადაყენებულია სს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ წარდგენილი ბრალდება პირდაპირ უკავშირდება თბილისის მერის საქმიანობას, გიორგი უგულავას თანამდებობაზე დარჩენით ხელი შეეშლება გამოძიებას და საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას, სწორედ გამოძიებისათვის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის გადაყენება დაკავებული თანამდებობიდან", _განაცხადა არეშიძემ.