თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას დედაქალაქის მერის უფლებამოსილება შეუჩერა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სოციალური ქსელებით გაავრცელეს.
როგორც ირკვევა, მოსამართლემ მხარეთა წარმომადგენლების დაუსწრებლად, განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა უგულავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
მოსამართლემ გადაწყვეტილება აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვის შემდეგ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო, 50 ათასი ლარი უკვე შეეფარდა. თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.
გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.