თბილისის მერს გიგი უგულავას სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოიტანა. მთავარი პროკურატურა თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა. წინასასამართლო სხდომა 5 თებერვალს ჩაინიშნა.
თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.