"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატ გიორგი მელაძეს პროკურატურაში "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტებთან დაკავშირებით იბარებენ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 23 დეკემბერს, 13:00 საათზე, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი მელაძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით იქნა დაბარებული.
"საქმე ეხება მელაძის თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარების მიზნით აიპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტებს", - განმარტავენ მთავარ პროკურატურაში.
გიორგი მელაძე 2006 - 2008 წლებში თბილისის მერის მოადგილე იყო.