სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განმარტებით პატიმრების მოთხოვნები სასჯელაღსრულების სამინისტროს კომპეტენციას სცდება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულებამდე სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა ამ ეტაპზე სულ 961 მსჯავრდებული შიმშილობს.
,, მოშიმშილე პატიმრების ზუსტი ციფრი არის 909 ადამიანი გეგუთში და დაახლოებით 52 სხვა დაწესებულებებში. 52 პატიმარი არის ის ადამიანი, რომლებიც უკვე კარგა ხანია შიმშილობს, 909 პატიმარმა კი შიმშილობა გუშინ დაიწყო. სამწუხაროდ, სამინისტროს არაფერი არ შეუძლია გარდა იმისა რომ მუდმივი ზედამხედველობა გვექნება, რადგან თემები რომლებსაც პატიმრები აყენებენ ან არის სამართლებრივი, ან პოლიტიკური ხასიათის. მაგალითად სამართლებრივი ხასიათის საკითხია ის, რომ თითოეული მათგანი ითხოვს პირადი საქმის გადახედვას. ბუნებრივია, სამინისტრო ამაში ვერ ჩაერევა, ხოლო პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნაა, თუ საქმეების გადახედვის დროს რა მექანიზმი იმუშავებს, იქნება კომისია, თუ სხვა რამე", _განაცხადა სოზარ სუბარმა.