შსს-ს მომსახურების სააგენტო დღეს, ტექნიკური უსაფრთხობისა და სერტიფიცირების სფეროში ევროპის ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო კომპანია TUV Rheinland Group-ის დელეგაციას უმასპინძლებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, შსს-ს მომსახურების
სააგენტოს დირექტორი ნინო კობახიძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი TUV Rheinland Group-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის აღმასრულებელ დირექტორ პიტერ ლაჰნერს ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან.
მხარეები შეხვედრაზე TUV Rheinland Group-ის მიერ საქართველოს ბაზრით დაინტერესების საკითხს განიხილავენ და საქართველოს მთავრობასთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.
TUV Rheinland Group-ი გერმანული კომპანიაა, რომელიც 1872 წელს დაარსდა და დღეს ტექნიკური უსაფრთხოებისა და სერტიფიცირების სფეროში მსოფლიოს 65 ქვეყანაში ლიდერობს. კომპანიას მინიჭებული აქვს უმაღლესი ხარისხის ნიშანი ისეთ მომსახურებებში, როგორებიცაა: ავტომობილების რეგისტრირება, მართვის მოწმობების დამზადება, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება და სხვა სერვისები.
მასალის გამოყენების პირობები