შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, ფოთში, ნაოსნობის წესების (სუფსის ნავსადგურის ნაოსნობისათვის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონში მოძრაობის გამყოფი ჩრდილი-დასავლეთ ზონის გადაკვეთა) დარღვევის ფაქტზე, კამბოჯის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "AZOVSKIY VETER"-ი დააკავეს. აღნიშნული გემის კაპიტნის, აზერბაიჯანის მოქალაქის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით. საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
აღნიშნული გემის კაპიტანს, დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის დადგენილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.