რესპოდენტის შესახებ
- ბატონო ზაზა, „ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა. პარალალურად, მთავარი პროკურატურა, რომლის ხელმძღვანელსაც უშუალოდ დასდო მერაბიშვილმა ბრალი, აცხადებს, რომ ეს არის აბსურდი. რა უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ და რის საფუძველზე?
-ბრალდება უმძიმესი და, ჩემთვის, დამაჯერებელია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას - უფრო სწორად, მდიდარ „ხაზეინს", რომელიც ქვეყანას მარიონეტების მეშვეობით მართავს - სააკაშვილის განადგურება ერთადერთ იდეა-ფიქსად ქცევია. მას სხვა მიზანი არ ამოძრავებს და ამისთვის ის არაფერს იშურებს. მეორე მხრივ, მერაბიშვილის კრედიბილობას გამოუსწორებელი დარტყმა მიადგება, თუკი ის ასეთ არაფრისმომცემ და ადვილად გაშიფრვად ტყუილს იტყვის.
-რამდენად არის შესაძლებელი იმის დადგენა სიმართლეს ამბობს მერაბიშვილი თუ ცრუობს?
-საბედნიეროდ, ფაქტების გადამოწმება მარტივია. თუმცა, ვერ ვენდობით პროკურატურის ან რომელიმე სხვა სამთავრობო სტრუქტურის მიერ წარმოებულ გამოძიებას, რადგან მათ აქვთ ინტერესთა კონფლიქტი. ისინი ვერ გამოიძიებენ საქმეს, რომელშიც შესაძლოა მათივე დანაშაული იკვეთებოდეს. ამიტომ, სასურველია საქმეში ჩაერთონ დამოუკიდებელი და არა ივანიშვილის დაფინანსებაზე მყოფი ჟურნალისტები და საერთაშორისო ექსპერტები.
-როგორ შეძლებს იგივე მერაბიშვილი დაამტკიცოს მისი ნათქვამი? ეს საკითხი იურიდიულად დამაჯერებელი რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს?
- ამ ამბის პირველივე დღეს ხელისუფლების სრულიად არაერთგვაროვანმა და დაბნეულმა რეაქციამ უკვე საკმაოდ გაამყარა ის ვარაუდი, რომ მერაბიშვილის მიერ მოთხრობილი ამბავი სრული სიმართლეა. რაც მთავარია, ხელისუფლების ქცევა ჰარმონიულად ეწერება მისი ერთწლიანი მოღვაწეობის სტილსა და ლოგიკაში. რაც შეეხება ფორმალურ მხარეს, სინამდვილეში საკითხის გადამოწმება ძალიან მარტივია. ამისი გაკეთების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა თავად მერაბიშვილმა დაასახელა - ციხის შესაბამისი ვიდეოკამერებიდან ჩანაწერების ამოღება და გასაჯაროება.
- გიგა ბოკერიამ გააჟღერა ინიციატივა, რომ მერაბიშვილი-ჭიაბერაშვილის საქმე საპარლამენტო კომისიამ შეისწავლოს. რამდენად არის შესაძლებლი უმრავლესობა დათანხმდეს ამას და იურიდიული თვალსარისით არბობს თუ რა ამისი საფუძველი?
- საფუძველი, რა თქმა უნდა არსებობს, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აკეთებს ამგვარ განცხადებას - თან არსებული ფონის გათვალისწინებით - ეკონომიკური რეცესია, საბიუჯეტო კრიზისი, მთავრობის ტოტალური უუნარობა სტიქიურ კატაკლიზმებთან ბრძოლაში, ლარის კურსის ვარდნა, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა და ა.შ.. თუმცა, ამ უმრავლესობის ხელში, ასეთი კომისიის შექმნის ილუზია არ უნდა გვქონდეს.
- რა საერთაშორისო რეაქცია შეიძლება მოყვეს ამ ფაქტს?
-დოკუმენტურად დამტკიცების შემთხვევაში, ეს ფაქტი ძალიან უარყოფითად აისახება ამ ხელისუფლების ურთიერთობაზე დასავლეთთან. შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოში რუსეთის გავლენა. სამწუხარო ისაა, რომ "ქართულ ოცნებაში" ბევრს - მაგალითდ, იმათ, ვინც ხმა არ მისცა უკრაინის მხარდამჭერ საპარლამენტო რეზოლუციას - სწორედ ეს უნდა. მათ ამისი საშუალება არ უნდა მიეცეთ.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა გეგა სილაგავა