ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, კორნელი კეკელიძის მუდმივმოქმედ სამეცნიერო სემინარზე, თსუ-ის მსოფლიო ისტორიის მაგისტრანტმა გიორგი ქავთარაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე "ტორე დელ გრეკოს ქართული ხელნაწერები".
თსუ-ის მსოფლიო ისტორიის მაგისტრანტმა ისაუბრა იტალიელი მისიონერების მოღვაწეობაზე საქართველოში და მათ მიერ გატანილ ქართულ ხელნაწერებზე.
ბაგრატიონი მეფეების - ვახტაგნ V (შაჰნავაზისა _ 1658-1676 წწ.) და გიორგი XI-ის (1676-1688 წწ.) დროს საქართველოში მოღვაწეობდა იტალიელი მოსიონერი ბერნარდე ნეაპოლელი, რომელმაც საქართველოდან წაიღო უამრავი ხელნაწერი _ როგორც მის მიერ შედგენილი და გადაწერილი, ასევე ქართულ ბიბლიოთეკებში დაცული და მის მიერ მოძიებული. ბერნარდე ნეაპოლელის მიერ საქართველოდან წაღებულ ხელნაწერებს XIX საუკუნის მიწურულს მიაკვლიეს ავსტრიელმა ქართველოლოგმა ჰუგო შუხართმა და ქართველმა ისტორიკოსმა მიხეილ თამარაშვილმა. ეს ხელნაწერები ინახებოდა ნეაპოლის რეგიონში მდებარე სოფელ ტორე დელ გრეკოში (იტალ. ბერძნული კოშკი), ვულკან ვეზუვის მახლობლად.
ჰუგო შუხართისა და მიხეილ თამარაშვილის მიერ მიკვლეული ხელნაწერების საფუძველზე გიორგი ქავთარაძემ შეისწავლა ბერნარდე ნეაპოლელის მისიონერული მოღვაწეობა საქართველოში.