ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირა"-ს მხარდაჭერით პარიზში ორი ქართველი ტალანტი - ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე ფრანგული საზოგადოების წინაშე წარსდგნენ.
ფონდ „ლირას" ექსკლუზიური კონცერტი, „SOS Talents Foundation - Michel Sogny"-სთან ერთად განხორციელდა. კონცერტი პარიზში, ელისეის მინდვრების პრესტიჟულ დარბაზში გაიმართა. კონცერტს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარდ დ'ესტენი, მინისტრები და ელჩები ეწრებოდნენ.
10 წლის ილია და ბარბარე საფრანგეთის მაღალი საზოგადოების წინაშე რთული სოლო პროგრამით გამოვიდნენ. სოლო გამოსვლის გარდა, პატარა ვირტუოზებმა რამოდენიმე მუსიკალური ნომერი ოთხ ხელში შეასრულეს.
„მიხარია, რომ შევძელით და „ლირა"-ს მეშვეობით, ბარბარე და ილია პარიზში იმყოფებიან. პატარა ტალანტებს პირველად რამდენიმე წლის წინ მოვუსმინე. მაშინ ძალიან პატარები იყვნენ - 5 და 7 წლის. მას შემდეგ ვცდილობ, ხელი შევუწყო მათ საერთაშორისო ასპარესზე გამოჩენას. ძალიან სასიხარულოა, რომ კონცერტში ქართველი ტალანტების მონაწილეობით, კიდევ ერთხელ გააჟღერდა საქართველოს სახელი და ელიტარული საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო."- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
„ძალიან ბედნიერები ვართ რომ ქალბატონი ელისოს ფონდის დახმარებით პარიზში ვიმყოფებით და ასეთ მნიშვნელოვან კონცერტზე გამოსვლის საშუალება მოგვეცა. ქალბატონმა ელისომ ჩვენი ცხოვრება შეცვალა"-აცხადებენ ბავშვები.
„ლირა" მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდთან „SOS Talents Foundation - Michel Sogny" რომელსაც საქართველოში უკვე კარგად იცნობენ. „SOS Talents"-მა უკვე ბევრ ქართველ ახალი თაობის პიანისტს მისცა საშუალება, გაეკაფათ გზა საერთაშორისო ასპარეზისკენ.
გალა კონცერტს პარიზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - ბატონი გურამ ოდიშარია დაესწრო.
ელისო ბოლქვაძემ საქველმოქმედო ფონდი „ლირა" ახლახანს დაარსა. ფონდი ხელს უწყობს ქართველი ნორჩი ტალანტების აღმოჩენას და განვითარებას.