"ქართული ოცნება" თბილისის მერობის ახალ კანდიდატს ეძებს. გაზეთ "პრემიერის" ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ვიწრო, მაგრამ მისთვის ანგარიშგასაწევ წრესთან ერთად მიიღო.
"პროცედურულად ნარმანიას უარი მხოლოდ მას შემდეგ გაჟღერდება, რაც შესაფერისი კანდიდატი მოიძებნება", - წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ "ღარიბაშვილმა ისიც კარგად იცის, რომ არჩევნებს მხოლოდ პარტიული და სახელისუფლებო მხარდაჭერა არ იგებს. არის შემთხვევები, როდესაც ეს რესურსი, პირიქით, ნეგატიურად მოქმედებს კანდიდატზე და თავად პარტიისა და ხელისუფლების იმიჯზე. შიდა კვლევის მიხედვით ნარმანიას საახლობლო წრე დედაქალაქში, რომელიც მას საარჩევნოდ უანგაროდ მუშაობას არ დააყვედრებს მინიმალურზე მინიმალური აღმოჩნდა. ასევე სხვადასხვა სოციალური ჯგუფების გამოკითხვების შედეგად გაირკვა, რომ მან უგულავას ვერც ერთ სეგმენტში ვერ აჯობა. ამ ვითარებაში პრემიერ-მინისტრი შეურაცხადი უნდა იყოს, რომ წინასწარ წაგებული თამაში ითამაშოს, მით უფრო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ის პარტიის ლიდერიცაა".
ექსპერტი მამუკა არეშიძე არ უარყოფს, რომ "ქართული ოცნება" მართლაც ეძებს ახალ თბილისის მერობის ახალ კანდიდატს. მისი თქმით, არავითარი წინააღმდეგობა ივანიშვილის მხრიდან არ იქნება.
"ივანიშვილი არ არის ეგეთი ყაიდის ადამიანი, რომ არგუმენტები არ ესმოდეს. თუ მას არგუმენტებს მოუყვანენ და მით უფრო კვლევების შედეგებს, არავითარი წინააღმდეგობა ივანიშვილის მხრიდან არ იქნება. ივანიშვილი საკითხს დასვამს ასე _ იყოს ისეთი კანდიდატი, რომელიც ნარმანიას, როგორც არა მარტო მენეჯერი არ ჩამოუვარდება, არამედ რომელიც არჩევნების მომგებია. ეს ივანიშვილის მხრიდან იქნება აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა. მიმაჩნია, რომ "მეურნე მერი" კარგია, მაგრამ მერი უნდა იყოს, პირველ რიგში, პოლიტიკური ფიგურა. ეს არის ჩემი აზრი. მოკლედ, ერთ კაცში ორივე ეს თვისება უნდა იყოს გაერთიანებული. ანუ უნდა იყოს კარგი მეურნეც და კარგი პოლიტიკოსიც. გარდა ამისა, რაც მთავარია, უნდა იყოს არანორმალურად შეყვარებული იმ ქალაქზე, რომლის მერიც სურს რომ გახდეს", - აცხადებს არეშიძე და აღნიშნავს, რომ შეცვლა არ არის პრობლემა, მთავარია, ვინ იქნება შემცვლელი. "თუ მთლიანობაში ეს მოზაიკა შედგა, ანუ ერთი კარგი ადამიანის შეცვლა მეორე კარგი ადამიანით, რომელსაც უფრო მეტი მისაღები თვისებები აქვს თბილისის მაცხოვრებლებისთვის, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი შეფასებების გაკეთება. ახლა კი გამიჭირდება".
მასალის გამოყენების პირობები