თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში დატოვა.
პროცესზე შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჯერ პროკურორების, შემდეგ კი მოსამართლის აცილება მოითხოვა. მერაბიშვილმა ბრალდების მხარე ზეწოლაში ამხილა და საკუთარი თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.
დაცვის მხარემ დღეს კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატები მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას, ან უკიდურეს შემთხვევაში, გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მერაბიშვილი პატიმრობაში დატოვა.
მერაბიშვილს გამოძიება შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს, ვანო მერაბიშვილის დავალებითა და ხელმძღვანელობით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაკავება და მომიტინგეებზე თავდასხმა დაიგეგმა.