ENG / RUS       12+

ჯუჯა პარტიათა რენესანსი საქართველოში

ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბუნებრივ დისკურსად იქცა: „რა მოიტანა ბიძინამ?". რეალურად ძალიან ბევრი რამ. თანაც მნიშვნელოვანი და არსებითი. მათ შორის სიახლის ან „კარგად დავიწყებული ძველის" თვალსაზრისი. სხვა საქმეა, რამდენად (და რა) კარგი, სასარგებლო, პროგრესული და რამდენად - ძველი, ხავსმოდებული და დიდი ხნის წინ ყავლგასული ქვეყნისა და საზოგადოების რეალური ინტერესებიდან გამომდინარე.

ბიძინას ერთ-ერთი „ნატანია" მედიის თავისუფლება, მისი დახსნა თვითცენზურირებისა და სახელისუფლებო ანგაჟირების წნეხისაგან. ოღონდ, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, - როდესაც ივანიშვილის ხანმოკლე პოლიტიკური მოღვაწობის შედეგებთან გვაქვს საქმე, - ეს ტენდენციაც არ არის ერთმნიშვნელოვანი. და საერთოდ, ალბათ მოვიდა დრო მივხვდეთ და შევეგუოთ, რომ როდესაც საქმე მაშტაბურ საზოგადოებრივ პროცესებს, მით უმეტეს პოლიტიკას ეხება, იქ ერთმნიშვნელოვნებისთვის დიდი სივრცე არ რჩება, რაკი მეტისმეტად ბევრი რამ სუბიექტურ აღქმაზე ხდება დამოკიდებული. არადა, ამგვარ აღქმასაც გააჩნია თავისი ზღვარი, თუკი საქმე აშკარა რეგრესთან გვაქვს. ამ ზღვარის შემდეგ კი ობიექტური შეფასება იწყება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საქართველოს ტელე-სივრცე თანდათან ემსგავსება შევარდნაძის დროინდელს, როდესაც ყველა ცალკეული ბიზნეს-პოლიტიკურ ჯგუფი ფლობდა მედია-რესურსს და მას, რასაკვირველია, საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად იყენებდა. ხოლო ტელე-მედია, თავის მხრივ, ცდილობდა ეს ინტერესიც დაეკმაყოფილებინა და, იმავდროულად, მისთვის დადგენილ ჩარჩოებში (ოღონდ მხოლოდ ამ ჩარჩოებში) თვითკმარიც ყოფილიყო, ესე იგი მუდმივად ეძებნა სკანდალები, „ცხელი თემები", მოეწყო დებატები და დისკუსიები, - მათი ჩხუბში, აურზაურში, ესე იგი „სანახაობაში" გადაზრდის ინტენციით.

ტენდენციას, რაც ჩვენს თვალწინ მხოლოდ ახლა ვითარდება და ძალიან შორსმიმავალი შედეგები ექნება, ერთი კონკრეტული გამოხატულება უკვე აქვს: აშკარად შეფერხდა საქართველოში ნორმალური მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბების პროცესი. კონკრეტული მაგალითია მწვავე დისკუსია ადგილობრივი თითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით. დავაკვირდეთ მედია სივრცეს. პირველ რიგში ე.წ. „თოქ-შოუთა" დრამატურგიასა და რეჟისურას: დისკუსიებში მონაწილეობენ ერთის მხრივ მმართველი კოალიციის წარმომადგენლები, მეორეს მხრივ კი ორ-სამ კაციანი „პარტიები", რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში. თანაც, ხშირ შემთხვევაში, არა მხოლოდ დღეს და ამჟამინდელ კონფიგურაციაში, არამედ არც არასდროს ჰქონიათ სერიოზული წონა.

ნორმალური, თუნდაც განვითარებადი დემოკრატიისთვის ამგვარი სიტუაცია აბსოლუტურად არაბუნებრივია. წარმოუდგენელია, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მსჯელობდეს რაიმე კანონპროექტზე და მმართველი პარტიის დეპუტატები საჯარო დისკუსიაში მონაწილეობდნენ, ვთქვათ, ინგლისის „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლებთან, რომლებსაც არც ერთი დეპუტატი არ ჰყავთ საკანონდებლო ორგანოში. თუ იკამათებენ, იკამათებენ მხოლოდ იმათთან, ვისაც რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ან, როგორც მინიმუმ, ითვლება საპარლამენტო ოპოზიციად. ესე იგი, კონსერვატორები იკამათბენ ლეიბორისტებთან და პირიქით. სხვებს კი არაფრის დიდებით „თავს არ გაუყადრებენ" ისევ და ისევ იმ მიზეზით, რომ „იმათ" არ დაუმტკიცებიათ საზოგადოებრივი წარმომადგენლობა და „წონა" არჩევნების შედეგად.

სხვა კრიტერიუმი იმის განსასაზღრად, თუ რამდენად სერიოზულია ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, უბრალოდ არ არსებობს. ამიტომაც შემოიტანეს ევროპელმა მრჩევლებმა ჩვენში „კვალიფიციური პარტიის" ცნება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ რაკი მედიას, გათავისუფლების პროცესში, დასჭირდა საინფორმაციო სივრცის მაქსიმალური დატვირთვა პოლიტიკით (თუ რატომ არის ეს თემა ესოდენ „ხვავრიელი" ჩვენს მეტისმეტად პოლიტიზებულ საზოგადოებაში - კიდევ სხვა საკითხია) საინფორმაციო სივრცე შეავსეს ორ-სამ კაციანმა „ჯუჯა-პარტიებმა", რომლებიც სინამდვილეში არ გამოხატავენ საზოგადოების რაიმე მნიშვნელოვანი სეგმენტის მისწრაფებებს, ღირებულებებს, ინტერესებს, დამოკიდებულებასა და პოზიციას.

აქვე: ორგზის არანორმალურია, როდესაც მმართველი ძალა სატელევიზიო დისკუსიაში ერთვება ე.წ. „ექსპერტებთან". არსად, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ამგვარი რამ არ ხდება: ექსპერტები კამათობენ მხოლოდ სხვა ექსპერტებთან, ხოლო ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხის მფლობელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, - იმავე კატეგორიის, თუმცა შედარებით ნაკლები ელექტორალური და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკოსებთან.

ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, ქართული მედია, საკუთარი კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე, ობიექტურად ხელს უწობს არა პარტიული სისტემის დაწმენდას, პარტიათა გამსხვილებას, მათ ქცევას კონკრეტულ სოციალურ ჯგუფთა ინტერესების გამომხატველ პოლიტიკურ „აგენტებად", არამედ იმ მანკიერი სისტემის შენარჩუნებას, როდესაც „ჯუჯა-პარტიები" რეალურად არც ერთი სოციალური ჯგუფის ინტერესებს არ გამოხატავენ, საამისოდ თავსაც არ იწუხებენ, მაგრამ მედიის მეშვეობით აქვთ არაადექვატურად დიდი გავლენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებსა და ლეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე.

ამით მედია ლეგიტიმურობას სძენს, ანუ, ჟარგონით თუ ვიტყვით, „აპრავებს" ისეთ ჯგუფებს, რომლებსაც საკუთარ ლიდერთა ტლიკინის უნარისა და გაუთავებელი დემაგოგიის გარდა, არაფრით დაუმტკიცებიათ თავიანთი საზოგადოებრივი წარმომადგენლობა.

თავისი ვიწრო-პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, პროცესს ხელს უწყობს მმართველი კოალიციაც, რადგან თუ პლურალიზმის განვითარება სურთ, საუკეთესო გზა იქნებოდა არა „მოლაყბეთა ლეგიონის" წარმომადგენლებთან გაუთავებელ, თანაც სრულიად ფუჭ კინკლაობაში ჩაბმა, არამედ, მაგალითად, საარჩევნო ბარიერის დაწევა ხუთიდან თუნდაც ორ პროცენტამდე, რაც საშუალებას მისცემდა მეტნაკლებად პოპულარულ ჯგუფებს, მოხვედრილიყვნენ პარლამენტში და მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსია პოლიტიკურად ლეგიტიმურ მოედანზე გაემართათ, ნაცვლად „თოქ-შოუთა" წამყვანებთან „დღეს საღამოს" მიწვევა-არმიწვევაზე „ჩაწყობის" ყოველდღიური საზრუნავისა.

"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .