ავღანეთში, ISAF-ის მისიის ფარგლებში, ბათუმის ცალკეულმა მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა თავის სამოქმედო არეალში მორიგი სამხედრო ოპერაცია განახორციელა. ბატალიონის "ბრავო" ასეულის ერთმა ოცეულმა ოპერაცია კოდური სახელით „გორდა II" სოფელ კარეზ საფედში ჩაატარა.
სოფელი რაიონში მოწინააღმდეგის აქტიურობით გამოირჩეოდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, დასახლებაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების აფეთქების 30-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. ამავე სოფელში, ბათუმის ბატალიონის წინამორბედმა 42-ე ბატალიონმა IED-ი ბომბების სამალავი აღმოაჩინა.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ბათუმის ცალკეულმა მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა „ბრავო" ასეულის ოცეულს სოფელში ოპერაციის ჩატარება დაავალა. ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ადგილობრივ უხუცესებთან გასაუბრება, მათგან სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის მიღება, ამბოხებულების აღმოჩენა და ადგილზე არსებული სიტუაციის შეფასება იყო.
სოფელში შესვლის შემდეგ, ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოლაპარაკებები ადგილობრივებთან გამართეს. „გორდა II" 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ჯარისკაცებმა სასურველი ინფორმაციის მოპოვება შეძლეს და ოპერაცია წარმატებით დაასრულეს. კომბინირებული ოპერაციაში ქართველ და ამერიკელ ქვეითებთან ერთად, ჯავშანმანქანა „MRAP"-ებიც მონაწილეობდნენ. კოალიციის ჯარისკაცების საჰაერო უსაფრთხოებას უპილოტო საფრენი აპარატი და "სუპერ კობრა" მოდელის ორი საბრძოლო ვერტმფრენი უზრუნველყოფდა.