საქართველოს თავდაცვის სამინისტრო "საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის მაღალკვალიფიციური ოფიცრების მომზადების მრავალწლიანი პროგრამის" განხორციელებას იწყებს. ახალი პროგრამა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო.
"თავდაცვის სამინისტრო მაღალკვალიფიციური კადრების მოძიებისათვის ახალი ინიციატივით გამოვიდა. ჩვენ ნიჭიერი სტუდენტების შერჩვევის ახალი პროგრამას ვიწყებთ. სტუდენტები ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, ერთწლიან საწყის ოფიცრის კურსებს სამხედრო აკადემიაში გაივლიან და შეიარაღებულ ძალებში სამსახურის ვალდებულებას აიღებენ. თითოეული სტუდენტი 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებს. მათთან კონტრაქტის საფუძველზე ხელშეკრულება დაიდება."- განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიაბაიამ.
ახალი პროგრამის მიზანი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მაღალკვალიფიციური ოფიცრების რაოდენობის გაზრდაა. პროგრამა საქართველოში აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის არის განკუთვნილი. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2009 სასწავლო წელს საბაკალავრო ფაკულტეტზე ჩააბარებენ და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 70-100%-იან სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ.
მაღალკვალიფიციური ოფიცრების მომზადების მრავალწლიანი პროგრამის პრეზენტაციას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი, მაიორი ლაშა ბერიძე, თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი, როინ ფაილოძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ხუბუა, სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, დავით თავხელიძე და სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, დავით ჭავჭანიძე ესწრებოდნენ.