თავდაცვის სამინისტროში პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის თანამდებობიდან გაცილების და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის ცერემონიალი გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მისი მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის ელჩები და სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.
თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ძნელაძეს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ალასანიამ გენერალ-მაიორი კაპანაძეს ახალი სამხედრო წოდება მიულოცა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა: „საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ძალიან დიდ და კარგ ტრადიციას ჩაეყარა დღეს საფუძველი. გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის ცვლა, ეს არის ის, რაც ინსტიტუციურ სიმწიფეს, ინსტიტუციურ გარანტიებს აძლევს მემკვიდრეობითობას ჯარში, შეიარაღებულ ძალებში. მინდა ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო ახალ სამოღვაწეო არეალზე პოლკოვნიკ ძნელაძეს. მე მასთან ერთად 1 წელი ვიმუშავე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ის არის ძალიან ჭკვიანი ოფიცერი. ის გააგრძელებს მუშაობას საკუთარი ქვეყნისთვის. ასევე, მინდა მივულოცო გენერალ კაპანაძეს, რომელიც არის ღირსეული ოფიცერი, რომელისაც ყველა ბრძოლა აქვს საქართველოსთან ერთად გამოვლილი. დარწმუნებული ვარ, ის რეფორმირების გზით, შეიარაღებულ ძალებს უკეთესი მომავლისკენ გაუძღვება."
ცერემონიალზე გენერალ-მაიორ კაპანაძეს ახალი სამხედრო წოდების სამხრეები საზეიმოდ გადაეცა. მოგვიანებით საზეიმო მიღება გაიმართა, რომელიც მუსიკალურად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა გააფორმა.