საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები 14 წლისაა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალებს დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდა. დღეს, პირადმა შემადგენლობამ იუბილე ვაშლიჯვრის ბაზაზე საზეიმოდ აღნიშნა.
სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს. ღონისძიებაზე მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსიც იმყოფებოდა.
სპეციალურად ამ დღისთვის, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა საბრძოლო სროლებით საჩვენებელი სწავლება გამართეს. ტაქტიკურ სწავლებაში „მოწინააღმდეგეზე პირდაპირი იერიში" UH-1H ტიპის შვეულმფრენები და კობრას ტიპის საბრძოლო მანქანები მონაწილეობდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა ამოცანის შესრულების დროს გადაადგილებისა და ბრძოლის წარმოების სხვადასხვა ტაქტიკური მეთოდი გამოიყენეს - ცეცხლით დაფარვა, დესანტირება „კობრებიდან", შვეულმფრენებიდან და კლდეზე თოკებით დაშვება. სწავლებისას გამოყენებული იყო სპეციალური ოპერაციების ძალების შემადგენლობაში არსებული სხვადასხვა კალიბრის შეიარაღება.
საჩვენებელი წვრთნის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა პირად შემადგენლობას პროფესიული დღესასწაული პირადად მიულოცა: „გილოცავთ მთელ შემადგენლობას, ყველა ჯარისკაცს და მეთაურს პროფესიულ დღესასწაულს. 14 წელია თქვენ უმნიშვნელოვანეს და უაღრესად საპატიო საქმეს ემსახურებით. გერქვას საქართველოს ჯარისკაცი - უდიდესი პატივია. თქვენ სამშობლოს სადარაჯოზე ხალხისა და ქვეყნის სამსახურში დგახართ ერთგულებით, საქმის ცოდნითა და დიდი პასუხისმგებლობით ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თქვენი საბრძოლო წარმატებები შეუპოვრობისა და სიმტკიცის მაგალითია. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების საბრძოლო შემართება, საბრძოლო ტრადიციები სანიმუშოა ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის. თქვენი სამსახური განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საქმე, რომელსაც ჭირდება მაღალი პროფესიონალიზმი და ჩვენ ვამაყობთ თქვენი პროფესიონალიზმით. გისურვებთ ყველას, ღირსეულად იდგეთ ქვეყნის სამსახურში და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების პროცესში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. გისურვებთ წარმატებებს."
პირად შემადგენლობას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართა და პროფესიული დღესასწაული მიულოცა: „გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს ის დღეა, როდესაც საქართველოში პირველად ჩაეყარა საფუძველი სწრაფი რეაგირების სპეციალური ოპერაციების ძალებს. მადლობას ვუხდი ყველა მეთაურს, ვინც ამ წლების განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, რომ დღეს ჩვენი სპეციალური ოპერაციების ძალები იყოს მობილური, სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის მქონე და საიმედო. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და სპეციალური საერთაშორისო ოპერაციებისას დაჭრილ ჩვენს გმირებს. თქვენ ხართ მეტრი, საზომი და სტანდარტის დამწესებელი, არა მარტო სამხედროებისთვის, მთელი ქვეყნის მოაქალაქეებისთვის. დიდი მადლობა ქვეყნის სამსახურისთვის.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების კოორდინაცია, ურთიერთქმედება ამაღლებულიყო. ჩვენ დღეს მართლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს ამოცანა, რომელიც შეიძლება დაისვას თქვენი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ძალების წინაშე და თქვენ ის ვერ გადაწყვიტოთ. გისურვებთ წარმატებებს და კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნის სამსახურისთვის. ღმერთი იყოს თქვენი და შეიარაღებული ძალების მფარველი."
საიუბილეო ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი კიკნაძეს სახელმწიფო ჯილდო - ვახტანგ გორგასალის II ხარისხის ორდენი გადასცა. საცეცხლე მომზადების კურსის წარმატებით დასრულებისთვის სპეციალური სიგელები მიიღეს დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და გამორჩეულმა სამხედროებმა.
საიუბილეო ცერემონიალი საზეიმო მიღებით დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები