საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ორდღიანი ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიისს საკითხებში ეველინ ფარკასთან.
შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და განვითარების საქმეში მიღწეულ პროგრესზე.
მიხეილ დარჩიაშვილი შეხვედრებს მართავს აშშ-ს კონგრესში. მინისტრის მოადგილე შეხვდა სენატორ რონ ჯონსონს, რომელიც აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ევროპის საქმეთა ქვეკომიტეტში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერია. ასევე გაიმართა შეხვედრები კონგრესმენებთან ელიოტ ენგელთან, ადამ კინცინგერთან და დანკან ჰანტერთან. ვიზიტისას თავდაცვის მინისტრის მოადგილე აშშ-ს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის აპარატების წამყვანმა თანამშრომლებმაც მიიღეს.
აშშ-ს კონგრესში გამართული შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საქართველო-აშშ შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მონაწილეობის საკითხები იყო. ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში ჩატარებულ წარმატებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აშშ განუხრელად აგრძელებს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის, ასევე, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მზადყოფნაზე, წვლილი შეიტანოს ავღანეთში ISAF-ის შემდგომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.
22-24 ნოემბერს მიხეილ დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმში. კანადაში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კანადის თავდაცვის მინისტრის მოადგილესა და ისრაელის სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებთან. ასევე, მიხეილ დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდრე ვერშბოუსთან.
მასალის გამოყენების პირობები