საქართველოს პრეზიდენტის რანგში, გიორგი მარგველაშვილი პირველ სამუშაო კვირას ქართველ სამხედროებს შეხვდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი დღეს, ვაზიანში IV მექანიზირებულ ბრიგადაში იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სამხედრო ნაწილში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი იმყოფებოდნენ. სტუმრებს IV მექანიზირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე მოწყობილი დახვდა. მთავარსარდალს სამხედრო პატაკი გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჩააბარა.
საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა შეასრულა. სტუმრებმა და პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამხედრო მოსამსახურეებს მიესალმნენ და სიტყვით მიმართეს. „დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღე იყო. დაიწყო იმით, რომ გენერალი კაპანაძე გენერალური შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა. თავდაცვის მინისტრთან და გენერალთან ერთად, ჯილდოები ჩვენს წარჩინებულ ჯარისკაცებს გადავეცით. დავათვალიერეთ ტექნიკა, ძალიან საინტერესო სიმულაციური ოთახები, ყაზარმები. უაღრესად კმაყოფილი ვართ იმით, რაც ვნახეთ და დარწმუნებული ვართ, რომ ეს სამხედრო მომზადება, რომელსაც ასე მომზადებულად და გულმოდგინებით ეუფლებიან ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, სიძლიერისა და დაცულობის წინაპირობაა" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
„დღეს უმაღლესი მთავარსარდალი მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადაში პირველად მოვიდა. ეს მნიშვნელოვანია იმით, რომ პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენი უწყება და შეიარაღებული ძალები დამოუკიდებელი, დეპოლიტიზირებული იქნება. რაც მთავარია, ქვეყანას ეყოლება მთავარსარდალი, რომელიც კრიტიკულ მომენტში წინ გაუძღვება და ყველა განსაცდელს ჯართან ერთად გადაიტანს. მისი მხარდაჭერა ჯარის განვითარებისთვის და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადება, რომ ჯარს მხარში დაუდგება და განავითარებს, ის გარანტიებია, რაც ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს აუცილებლად სჭირდება. ეს იყო დიდი დაფასება მისი მხრიდან ჩვენი დიდი წვლილის ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში და იმ ბიჭების ხსოვნისადმი, ვინც საერთაშორისო ოპერაციებმა შეიწირა" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის მეთაური მაიორი ირაკლი კალანდაძე სახელმწიფო მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის" დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის" ამავე ბატალიონის პირადი შემადგენლობის კიდევ 15 სამხედრო მოსამსახურეს გადასცა.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ბაზაზე გამოფენილი სხვადასხვა სახის შეიარაღება და ტექნიკა, ასევე, ყაზარმები, სპორტული დარბაზი და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. დღესვე, სტუმრებმა ვირტუალური ოპერაციების სწავლების ცენტრი მოინახულეს.
მასალის გამოყენების პირობები