სამხედრო მზვერავები 22 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის, J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ბრიგადების სადაზვერვო ქვედანაყოფების წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში შეიკრიბნენ.
მზვერავებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. პირად შემადგენლობასთან ერთად, იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნეს.
საქართველოში სამხედრო სადაზვერვო სამსახურის შექმნის მოკლე ისტორიის შესახებ, J-2 დაზვერვის დეპარტამენტის მასტერ-სერჟანტმა ალექსანდრე ლაგურაშვილმა ისაუბრა. დღესვე, სადაზვერვო ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.
იუბილესთან დაკავშირებით სამხედრო სადაზვერვო ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი ტაქტიკური სწავლება მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადაში გამართეს. მოგვიანებით კი ბრიგადაში სამხედროების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. მათ ქართული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
სამხედრო მზვერავები იუბილეს წელს ოფიციალურად პირველად აღნიშნავენ. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ბრძანებით, 18 ნოემბერი სამხედრო დაზვერვის დღედ დაწესდა. 1991 წლის ამ დღეს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შეიქმნა და ფუნქციონირება დაიწყო შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის სადაზვერვო სამმართველომ. სამხედრო დაზვერვის შემადგენლობა სხვა სამანევრო ქვედანაყოფებთან ერთად აქტიურად არის ჩართული უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო მისიებში, ასევე თანამშრომლობს ქვეყნისა და პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან ერთად რეგიონალურ და საერთაშორისო სტაბილურობის გამყარების სფეროში.
მასალის გამოყენების პირობები