დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აკადემიურ წრეებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა სამხედრო-საინჟინრო სფეროს განვითარებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, აკადემიურ წრეებთან დადებულ მემორანდუმებს მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მოაწერა ხელი. დოკუმენტების თანახმად, მხარეები სამეცნიერო-ტექნოლოგიურ, ასევე სამხედრო განათლებისა და კადრების მომზადების სფეროში ითანამშრომლებენ. „დღევანდელი დღე გამორჩეულია თავდაცვის სამინისტროსთვის. ორი მემორანდუმი გაფორმდა. ეს ფორმალიზებას უკეთებს და ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო-სამხედრო ელიტასთან თანამშრომლობის გზებს ხსნის. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი საერთო პროექტები ქართულ ჯარს და მის განვითარებას წაადგება" - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მეცნიერებათა აკადემია საკუთარ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პოტენციალს თავდაცვის სამინისტროს ინტერესებში არსებული საკითხების გადაწყვეტისათვის გამოიყენებს.
ტექნიკურ უნივერსიტეტთან დადებული მემორანდუმი ქვეყნის თავდაცვისათვის საინჟინრო ინფრასტრუქტურის მომზადებას ითვალისწინებს, ასევე, დამუშავდება სამეცნიერო საფუძვლები და მომზადდება მისი პრაქტიკული რეალიზაციის სამოქმედო გეგმა. მემორანდუმით გათვალისწინებულია თეორიული საფუძვლების, საცნობარო მასალებისა და მათი ერთიანი კომპიუტერული პაკეტის შექმნა.
მასალის გამოყენების პირობები