დღეიდან სერჟანტთა მომზადების სკოლა საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი გახდა. სასწავლო ცენტრისთვის ეროვნული გმირის სახელის მინიჭება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიასა და ცენტრის მეთაურის მაიორ ლაშა დავითაძის ინიციატივით მოხდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ღონისძიება დღეს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაზე გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მათ თავდაცვის მინისტრმა გმირის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ბიბლია გადასცა. სერჟანტთა მომზადების ცენტრის სახელით, კაპელანმა მამა ამირანმა ქართველი გმირის დედას წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა. ანწუხელიძის ცხოვრების და ჯარში მსახურის ეპიზოდები დღეს სერჟანტებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მათ გიორგის გმირობაზეც ისაუბრეს.
"დღეს სერჟანტთა სკოლას ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა. საქართველოს წარსულში ბევრი გმირი ჰყავდა, მაგრამ ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული შემთხვევაა, როდესაც გმირობა დოკუმენტალურად ვიდეოფირზეა აღბეჭდილი. ეს არის ის სტანდარტი, ის მაგალითი, რომელსაც გიორგი შეიარაღებული ძალების ყველა წარმომადგენელს და ყველა მოქალაქეს უყენებს. სწორედ, ამ სტანდარტით გააგრძელებენ სწავლას სერჟანტები სერჟანტთა მომზადების სკოლაში და გიორგის მსგავსად ერთგულად ემსახურებიან ქვეყანას" - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ღონისძიებას სერჟანტთა მომზადების ცენტრის უფროს სერჟანტთა კურსის მსმენელები დაესწრნენ. დღეს მათ 15 კვირიანი სერჟანტთა საკარიერო კურსის გავლა დაასრულეს. სერჟანტებს კურსის წარმატებით დასრულების სერთიფიკატები საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ, ასევე მისმა მოადგილეებმა ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ და პოლკოვნიკმა არსენ ცუხიშვილმა გადასცეს. სერჟანტთა მომზადების ცენტრის კურსდამთავრებულები კაპელანმა მამა ამირანმა დალოცა.
სასწავლო პროგრამაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის, ბატალიონისა და ასეულის დონის 18 სერჟანტი მონაწილეობდა. მათ თეორიული და პრაქტიკული სწავლება საბრძოლო და სამეთაურო მომზადების ორგანიზებაში, ასევე ქვედანაყოფის მართვის პროცედურების, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და სრული სპექტრის ოპერაციების დაგეგმარებაში გაიარეს, დაეუფლნენ ლიდერიზმის უნარ-ჩვევებსაც. სერჟანტებმა ფიზიკური მომზადება ახლად დანერგილი სტანდარტებით პირველად გაიარეს. საკარიერო კურსის განმავლობაში სამხედრო მსმენელები ყოველკვირეულად ტესტებსა და ოპერატიული ბრძანების გაცემაში პრაქტიკულ გამოცდებს აბარებდნენ. დღეიდან უფროსს სერჟანტთა საკარიერო კურსზე მივლენილი სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.
მასალის გამოყენების პირობები