11 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ხომალდი „მაუნთ უითნი" ბათუმის პორტს გეგმიური ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის მიზანია საქართველოს სანაპირო დაცვის კომბინირებული წვრთნების გამართვა. აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება აშშ-ს მეექვსე ფლოტის ძალისხმევით განაგრძოს გლობალური საზღვაო პარტნიორობა შავი ზღვის ქვეყნებთან და გააუმჯობესოს საზღვაო უსაფრთხოება.
ხომალდს ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ატაშე თავდაცვის საკითხებში პოლკოვნიკი მეტ დიმმიკი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ეწვევიან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აშშ-ის დელეგაციის შეხვედრები აჭარის მთავრობის, ქ. ბათუმის მერიის და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობასთან.
გემის ვიზიტისას, 12 ნოემბერს, საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და აშშ-ის მხარის წარმომადგენლები გამართავენ ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებს. კერძოდ, გემზე დაგეგმილია ცეცხლთან და ჩაუძირაობისთვის ბრძოლის ერთობლივი წვრთნები. გემზევე გაიმართება სწავლებები საზღვაო ოპერაციების მართვის და ინფორმაციის გაცვლის ცენტრის შესახებ და მართვისა და ლიდერობის სწავლებები. ამავე დღეს, გემზე გაიმართება ალმებით სიგნალების გადაცემის თეორიული სწავლებაც. ჩატარდება სპორტული ღონისძიებებიც.
ხომალდი „მაუნთ უითნი" საქართველოს საზღვაო სივრცეს 13 ნოემბერს დატოვებს.