დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 84-მა ოფიცერმა 22 კვირიანი თეორიული და პრაქტიკული მომზადება გაიარა. სწავლებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ბრიგადების, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, სპეციალური დანიშნულების ძალების, საინჟინროსა და საჰაერო თავდაცვის ბრიგადების ოფიცრები იყვნენ მივლენილნი.
სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები კაპიტნის საკარიერო სკოლაში - მანევრის, საარტილერიო, დაზვერვის, პერსონალის მენეჯმენტის, კავშირგაბმულობისა და საინჟინრო სპეციალობებში მოემზადნენ. მათ საერთო საჯარისო და სპეციალიზირებული ტაქტიკა, ასეულისა და ბატალიონის შტაბის ოფიცრის დონეზე ოპერაციების დაგეგმარება და განხორციელება შეისწავლეს.
კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. დღესვე, უწყებრივი მედლებით „სამშობლოსათვის თავდადებული" კაპიტნის საკარიერო სკოლის 5 ოფიცერი დაჯილდოვდა.
ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მისი მოადგილე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები