საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საფრანგეთის ტელევიზიის „ფრანს 24"-ის ეთერში რუსეთთან 2008 წლის კონფლიქტზე, ქვეყნის ევროპულ არჩევანზე და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ევროატლანტიკური კურსი, ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანია, თუმცა ახალი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საჭიროდ მიიჩნევს, რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების წარმოებას, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება აფხაზ და ოს ხალხთან დიალოგის წარმოება.
ჟურნალისტის კითხვაზე ხედავს თუ არა რუსეთთან კიდევ ერთი ომის დაწყების საფრთხეს, ალასანიამ უპასუხა, რომ საქართველო ამის ქვეტექსტს არავის მისცემს, თუმცა ქვეყანა ყოველთვის მზადაა თავდაცვისათვის.
ირაკლი ალასანიამ საქართველო-დასავლეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანა არის სანდო პარტნიორი, რაც ავღანეთის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილიდანაც კი ჩანს.
„ჩვენ გავაერთიანეთ ყველა დემოკრატიული მიღწევა წინა ადმინისრაციიდან და ახლა ვქმნით ახალ ქართულ ისტორიას. რამდენიმე კვირის წინ გვქონდა დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები და მოხდა ხელისუფლების გადაცემა. საქართველო საკუთარ თავს ევროპის გვერდით ხედავს. ამავდროულად ახალმა მთავრობამ, პრემიერმა ივანიშვილმა და ჩვენ ყველამ გადავწუვიტეთ რომ უნდა გვქონდეს პროგრამული ურთიერთობა რუსეთთან. ვიცით რომ რუსეთი იოლად არ შეიცვლის პოზიციას ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობასთან ან ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენს ინტერესში შედის, რომ ჩამოვაყალიბოთ ვაჭრობისა და კულტურული ურთიერთობები რაც შეამცირებს პოლარიზაციას. ამის შემდეგ კი გვექნება მეტი საშუალება აფხაზებთან და ოსებთან სამუშაო რათა მათ გავაგებინოთ, რომ მომავალი ჩვენთან ერთად, ევროპაში უკეთესი იქნება ვიდრე ოკუპაციის ქვეშ.
საქართველო არავის მისცემს კიდევ ერთი ესკალაციის საფუძველს, თუმცა ჩვენ მზად ვართ საკუთარი თავის დასაცავად",_ განაცხადა მინისტრმა.