საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს. ირაკლი ალასანია დღეს სენატში მეგობრობის ჯგუფთან იმყოფებოდა. მხარეებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს. ფრანგმა სენატორებმა ქართულ დელეგაციას დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მიულოცეს. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. "ფრანგ სენატორებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად უპირობო მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მე შევხვდი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს და შიდა პოლიტიკური საკითხები განვიხილეთ. ყველამ მიულოცა საქართველოს ასეთი არაჩვეულებრივი, სუფთა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ვილნიუსის სამიტზე და მომავალი წლის ნატოს სამიტზე ჩვენ გვაქვს ფრანგი კანონმდებლების სრული მხარდაჭერა ჩვენი ინტეგრაციის გზაზე." - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია ფრანგ კოლეგას ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდება. დაგეგმილია ასევე, შეხვედრები შეიარაღების გენერალურ დირექტორატში საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან, ერიკ ფურნიესთან.