საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ალასანია ფრანგ კოლეგასთან ჟან-ივ ლე დრიანთან გამართავს შეხვედრას. მინისტრები სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დეტალებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ავღანეთის საერთაშორისო მისიასა, ასევე ლონდონისა და ვილნიუსის დაგეგმილ სამიტებს.
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, შეიარაღების გენერალურ დირექტორატში დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებთან. ირაკლი ალასანია სამხედრო თემაზე თავდაცვის საკითხებზე ფრანგ სპეციალისტებთან და მკვლევარებთანაც ისაუბრებს. სამხედრო თემა განიხილება ასევე, საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალურ მდივანთან ფრანსის დელონთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან, ერიკ ფურნიესთან.
ირაკლი ალასანია ტრიუმფალურ თაღთან ცეცხლის გაღვივების ცერემონიალსაც დაესწრება, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას მიეძღვნება.
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგული საინფორმაციო ტელეარხის France 24-ის ინგლისურენოვან საინფორმაციო გამოშვებაში მთავარი სტუმრის სტატუსით მიიღებს პირდაპირ ეთერში მონაწილეობას. დაგეგმილია ინტერვიუები სხვადასხვა გამოცემებთანაც.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში 9 ნოემბერს დასრულდება.