საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. 1992-93 წლების საომარ ვითარებებში მონაწილე სამხედროებს საბრძოლო დამსახურებისა და მხედრული მამაცობისათვის მედლები რამდენიმე წლის წინ მიენიჭათ, თუმცა მათი გადაცემა მხოლოდ დღეს მოხდა. სამშობლოს დაცვისას მამაცობისა და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის, მაიორი ზაურ ჩიქოვანი, რიგითები თეიმურაზ ფანჯავიძე და ბადრი ლეთოდიანი მედლებით "მხედრული მამაცობისათვის" გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდნენ. თავდაცვის მინისტრმა ჯილდოები მათი ოჯახის წევრებს გადასცა. გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ მედლებით „საბრძოლო დამსახურებისათვის" და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა აფხაზეთის ომის მონაწილეები: ლეიტენანტი სოსო ლომიძე, მაიორი ალექსანდრე მამიაშვილი და რიგითი ზურაბ შაფაქიძე. მათ უწყებრივი მედლები სამშობლოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პიროვნული დამსახურებისათვის მიიღეს. სიკვდილის შემდეგ უწყებრივი მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის" გადაეცა ასევე, უფროს სერჟანტს ზაურ ხუბუას, რომელიც მისმა მეუღლემ - თინათინ ხუბუამ მიიღო. „დღევანდელი დღე უცნაური და განსაკუთრებულიც არის. მაგრამ დღევანდელი დღით დასტურდება, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არ დაიკარგება. შეიძლება ჯილდო რაღაც პერიოდი ვერ მივიდეს გმირამდე, მაგრამ საზოგადოება აუცილებლად გაიგებს თავისი გმირების შესახებ. დღეს, ჩვენ ჩვენი მეომრები, ვაჟკაცები დავაჯილდოვეთ. ისინი 1992-1993 წელს ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის გმირულად იბრძოდნენ და არ ჰქონდათ ჯილდო მიღებული, რომელიც მათ მაშინდელმა უმაღლესმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გამოუყო. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა მოიძია ეს ბრძანებები და ჯილდოები. დღეს კი ასეთი ამაღელვებელი ცერემონია გაიმართა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ ოჯახებს, ვინც ფიზიკურად ვერ მიიღო და ჯილდო გარდაცვალების შემდეგ გადავეცით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სახელმწიფო ფასობს იმით, თუ როგორ უვლის და პატივს სცემს საკუთარ ვეტერანებს. მართლაც ამ კუთხით ქვეყანაში ძირეული ცვლილებები დავიწყეთ" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ვეტერანთა დაჯილდოებას ესწრებოდა გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, ასევე თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი და დეპუტატი გოგი ქავთარაძე.
მასალის გამოყენების პირობები