საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა კონცერტი გამართა. საღამო „ჯარის მეგობართა საზოგადოების" ფორმატის ფარგლებში ჩატარდა. დასს დირიჟორობა პოლკოვნიკმა პავლე ფირცხალაიშვილმა და უფროსმა ლეიტენანტმა კობა მერმანიშვილმა გაუწიეს.
საღამო ალექსანდრე მაჭავარიანის ქართული საზეიმო უვერტიურით გაიხსნა, რომელიც კომპოზიტორის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. შესრულდა ქართული სიმღერების პოპურიც. დღევანდელი კონცერტი რამდენიმე სიახლითაც გამოირჩეოდა. სასულე ორკესტრის აკომპანირებით, პიანისტმა ნათია ღაღანიძემ ამერიკელი კომპოზიტორის ჯორჯ გერშვინის „ცისფერი რაფსოდია" შეასრულა. სამხედრო მუსიკოსებმა ესტონეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელის, ვიცე-პოლკოვნიკ პეეტერ საანის დირიჟორობით, ესტონელი კომპოზიტორის რეინ რანაპის „ბრძოლა" და ესტონური მარშებიც დაუკრეს.
მუსიკალურ საღამოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, ასევე საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, „ჯარის მეგობართა საზოგადოების" წევრები და საზოგადო მოღვაწეები.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი 1991 წელს დაარსდა. თავდაცვის სამინისტროს მუსიკალურმა დასმა 2008 და 2009 წლებში ქ. სუმში (უკრაინა) გამართულ სამხედრო ორკესტრების ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. სამხედრო მუსიკოსები რეპერტუარს ქ. მონსში (ბელგია) 2014 და 2015 წლებში დაგეგმილ ნატოს ჯარების სასულე ორკესტრების ფესტივალზეც შეასრულებენ. სასულე ორკესტრის ბრასს-კვინტეტი მომავალ წელს მიწვეულია რიგაში კონცერტის ჩასატარებლად.