საქართველოს შეიარაღებული ძალების II საარტილერიო ბრიგადას დღეს დაარსებიდან 5 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ხონის სამხედრო ბაზაზე ახალწვეულთა ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართა.
დღეიდან 892 წვევამდელი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სხვადასხვა ქვედანაყოფში ერთი წლის განმავლობაში გააგრძელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს. მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს საქართველოს სამხედრო შეიარაღებულ ძალების ოჯახს ვაჟკაცი პატრიოტების კიდევ ერთი დიდი ნაწილი შემოუერთდა.
ბრიგადის დაბადების დღე თავდაცვის მინისტრმა არტილერისტებთან ერთად აღნიშნა. საზეიმო ცერემონიალზე ირაკლი ალასანიამ II საარტილერიო ბრიგადის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ კახა ტაბატაძეს უწყებრივი მედალი „გენერალი მაზნიაშვილი" გადასცა. მან ჯილდო ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ინიციატივისთვის მიიღო. გაერთიანებული შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ ხუთი სამხედრო მოსამსახურე მედლებით - „გენერალი კვინიტაძე", „გენერალი მაზნიაშვილი" და „სამშობლოსათვის თავდადებული" - დააჯილდოვა. გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა არსენ ცუხიშვილმა 10 სამხედრო მოსამსახურეს, დისციპლანასა და საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისთვის, საპატიო სიგელები გადასცა. ჯილდო მიიღო, ასევე II საარტილერიო ბრიგადის „152 მმ-იანი დანა" ბატალიონმა. დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბესიკ გოფოძემ ბატალიონის სამხედროებს, საპატიო დაფა გადასცა, როგორც 2013 წლის დოდ-ის საუკეთესო საარტილერიო ბატალიონს.
„მეორე საარტილერიო ბრიგადა განსაკუთრებული ქვედანაყოფია. წელს ბრიგადა ყველა შეფასებით ყველაზე მობილიზებულ და მაღალი საბრძოლო მზადყოფნის ქვედანაყოფად გამოირჩევა. ამიტომაც, მისი ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი ტაბატაძე და მთელი ბრიგადა განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდნენ" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მეორე საარტილერიო ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, ბაზაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. სამხედროებს ბრიგადის დაბადების დღე ქალაქ ხონის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიულოცეს. წვევამდელებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც მიულოცეს. საზეიმო ღონისძიება ხონის კულტურის სახლის მიერ ორგანიზებული კონცერტით დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები