ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) შედეგად აღებული ვალდებულებების შეფასების განხილვა მიმდინარეობს. ამ მიზნით, ბრიუსელში მინისტრის მოადგილის მიხეილ დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება.
სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ დარჩიაშვილმა უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის სამ მოადგილესთან - ოპერაციების, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე ნატოს სტანდარტიზაციის სააგენტოს დირექტორთან.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის საერთაშორისო მისიაში, ასევე ნატოსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს. „ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, ის პროცესი, რომლითაც ჩვენ ვუახლოვდებით ნატოს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კვირას საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ჩვენ დადებითი შეფასება მივიღეთ ალიანსისგან არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარების გამო" - განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ნატოს წევრ ქვეყნებთან 28+1-ის ფორმატში თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) განხილვა. მიხეილ დარჩიაშვილი ნატოს წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ და აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით მათ შეფასებებს მოისმენს.
მასალის გამოყენების პირობები