დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბერძენ კოლეგას დიმიტრიოს ავრამოპოლოსს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მიულოცა.
შეხვედრაზე მხარეებმა საბერძნეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. ირაკლი ალასანიამ ბერძენ კოლეგას დიმიტრიოს ავრამოპოლოსს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში 11 ბერძენი დამკვირვებელი იღებს მონაწილეობას. მინისტრებმა ლონდონისა და ვილნიუსის დაგეგმილ სამიტებზეც ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრებმა მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს.
„ჩვენ საბერძნეთთან უკვე მრავალი წელია საუკეთესო სამხედრო თანამშრომლობა გვაქვს. დღეს მინისტრთან ერთად შევთანხმდით, რომ ჩვენს ურთიერთობაში, სამხედრო უწყებებს შორის ახალ ეტაპს დავიწყებთ. მინდა ასევე, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს და მთელს საბერძნეთის მთავრობას, რომ ასე ძლიერად უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენს წევრობას ევროკავშირში და ნატოში. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, თუ რამხელა პროგრესი განიცადა საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით გუშინ. ასე ევროპულ დონეზე, სუფთად, წარმატებულად და დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მინისტრისგან მილოცვები მივიღეთ. მინისტრის და მთელი საბერძნეთის მთავრობის სახით ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ძლიერი მეგობარი ჰყავს, რომელიც მყარად უჭერს მხარს ჩვენს საბოლოო გაწევრიანებას ევროპულ ოჯახში." - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
„საქართველოსა და საბერძნეთს 3000 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ტრადიციებს. საბერძნეთი დიდ პატივს სცემს საქართველოს და დროა გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი საერთო ღირებულებები ევროატლანტიკურ ოჯახში გაგვაერთიანებს. ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველო მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს ამ მიზნის მისაღწევად. დღეს, ჩვენ გადავწვიტეთ თანამშრომლობა გავაღრმავოთ თავდაცვის სფეროშიც. მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, საბერძნეთს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვის სისტემა, გამოცდილება, ახალი ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა აქვს. გვჯერა, რომ ჩვენი გამოცდილების გაზიარება წინსვლაში დაგეხმარებათ. მეგობრობის, სოლიდარობისა და ურთიერთპატივისცემის გათვალისწინებით გვჯერა ჩვენი ქვეყნები ერთად შეიტანენ წვლილს სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებაში" - აღნიშნა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა.
დიმიტრიოს ავრამოპოლოსმა ქართველი კოლეგა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი საბერძნეთში მიიწვია. გაერთიანებული შტაბის დელეგაცია უახლოეს პერიოდში საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც ერთობლივად შეთანხმდებიან სამოქმედო თანამშრომლობის გეგმაზე.