საქართველოსა და ლატვიას შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება. დღეს, ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობის განმტკიცებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი გეგეჭკორმა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ ლატვიის შეიარაღებული ძალების დელეგაციას უმასპინძლეს. დელეგაციას ლატვიის შეიარაღებული ძალების განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ეგილს ლეშინსკისი ხელმძღვანელობს.
მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებაზეც გაამახვილეს ყურადღება და ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოფიცრების გადამზადების საკითხები განიხილეს. ლატვიელი სამხედრო მოსამსახურეები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზამთრისა და ზაფხულის სამთო გადამზადების კურსებს პერიოდულად გადიან, ხოლო ქართველი ჯარისკაცები ლატვიაში განაღმვითი სამუშაოების სპეციფიკას პროფესიულ დონეზე ეუფლებიან.
სამხედრო განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის საფუძველზე, მხარეებმა სამომავლო გეგმები დასახეს, რაც მენეჯმენტის სწავლებას, მყვინთავების მომზადებას, სამთო უნარ-ჩვევების დაუფლებასა და სამხედრო ანალიტიკურ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.
დღესვე, ლატვიის დელეგაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების განათლების სარდალს, ვიცე-პოლკოვნიკ შალვა ბაჯელიძესა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორს, ზურაბ აგლაძეს შეხვდა. მათ ლატვიელ სტუმრებს საქართველოს სამხედრო განათლების სისტემა გააცნეს. მხარეებმა აკადემიურ სფეროში თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების შესახებაც გაამახვილეს ყურადღება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის დელეგაციის წარმომადგენლები ეროვნულ თავდაცვის აკადემიას, კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და საჩხერის სამთო მომზადების სკოლასაც ესტუმრებიან.