საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეით ბრიგადას დაარსებიდან ექვსი წელი შეუსრულდა. 96-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო, რომლებიც დღეიდან ამავე ბრიგადაში განაგრძობენ მსახურს.
ფიცის მიღებამდე წვევამდელებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
მე-5 ქვეითი ბრიგადის სამხედროებს დაბადების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა: „დღევანდელი დღე მთელი საქართველოსათვის და შეიარაღებული ძალებისათვის ძალიან სასიხარულოა. ეს ის ბრიგადაა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ყველაზე ახლოს მდებარეობს და თავისი ბუნებით, შინაარსით მზად უნდა იყოს რომ პირველმა თავდაცვის ტალღამ მასზე გაიაროს. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ ბრიგადას. ინფრასტრუქტურა სწრაფად შეიცვალა უკეთესობისაკენ. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ კუთხით, რომ შემდეგი 6 წლის გასვლის შემდეგ, მე-5 ბრიგადა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებში ერთ-ერთი საუკეთესო ბრიგადა იქნება". მინისტრმა ახალწვეულებსაც მიულოცა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება.
მეხუთე ქვეითი ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით ბრიგადაში არსებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა და გორის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული კონცერტი გაიმართა. ღია კარის დღეს სამხედრო ბაზაზე ქალაქ გორის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და წვევამდელთა მშობლები იმყოფებოდნენ. თავდაცვის მინისტრმა ბავშვებთან ერთად გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. ღონისძიების დასასრულს, ირაკლი ალასანიამ და V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სასადილოში ბავშვებსა და წვევამდელთა მშობლებს უმასპინძლეს.
ფიცის მიღების ცერემონიალსა და ბრიგადის საიუბილეო ღონისძიებებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მისი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, მინისტრის მოადგილეები ირაკლი გეგეჭკორი და ზაზა ბროლაძე, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.