საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს საგამოფენო დარბაზი და პირველი გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია არქივში დაცული IX-XX საუკუნეების უნიკალური დოკუმენტები და წიგნები.
საგამოფენო დარბაზი ეროვნულ არქივის შენობის მეორე სართულზეა განთავსებული. მისი რესტავრაცია წლეულს განხორციელდა.
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის ინფორმაციით, წარმოდგენილი ექსპონატები წლების განმავლობაში არ გამოფენილა. `დღეიდან დეკემბრის ბოლომდე კი ყველა მსურველს საშუალება ექნება უფასოდ დაათვალიეროს ჩვენს არქივში დაცული უნიკალური დოკუმენტები, როგორც სასულიერო, ისე საერო ხასიათის~.
თეონა იაშვილის თქმით, ასეთი გამოფენები სამომავლოდაც იგეგმება, რომლის მიზანი ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული საგანძურის საზოგადოებისათვის წარდგენაა.
დღეს გახსნილ გამოფენაზე წარმოდგენილ ექსპონატებს შორისაა: IX საუკუნის სახარება, X-XI საუკუნის საგალობელი, მეფე გიორგი II-ის შეწირულების სიგელი (1072 წელი), დავით აღმაშენებლის ანდერძი (1123 წელი), თამარ მეფის შეწირულების წიგნი (1187 წელი), მეფე ლაშა გიორგის შეწირულების წიგნი (1222 წელი), საეკლესიო კრების დადგენილება მეფე დავით ულუსადმი (1263 წელი), XIV საუკუნის სახარება, XV საუკუნის კონდაკი, XVI საუკუნის გულანი, ვახუშტი ბატონიშვილის `საქართველოს გეოგრაფიული ატლასი~ და `საქართველოს გეოგრაფია და ისტორია~ (1745 წელი).
გამოფენაზე წარმოდგენილ 37 ექსპონატს შორის დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს, აგრეთვე: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას სასამართლო ბრალდების საქმე (1924 წელი), ექვთიმე თაყაიშვილის წერილი (1935 წლის 9 აპრილი), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის წერილი (1944 წელი), მასალები საფრანგეთიდან დაბრუნებული ქართული განძეულობის შესახებ (1945 წელი) და სხვა მრავალი საინტერესო დოკუმენტი.