ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუმინელ, ალბანელ და უკრაინელ კოლეგებთან გამართა ორმხრივი შეხვედრები.
პირისპირ შეხვედრაზე მინისტრებმა ლონდონისა და ვილნიუსის სამიტებზეც ისაუბრეს. კოლეგებმა საქართველოს ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით მიმდინარე მისიებში საქართველოს შესაძლო მონაწილეობის საკითხიც განიხილეს.
რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან მირჩა დუშასთან შეხვედრაზე, კოლეგებმა საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამხედრო სფეროში ერთობლივი სამომავლო გეგმები დასახეს. საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობასა და პოსტ-IშAF-ის პერიოდს. ირაკლი ალასანიამ რუმინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებიც გააცნო.
ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უცხოელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე რუმინელი დამკვირვებლების ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მონაწილეობისთვის.
ალბანელ კოლეგასთან მიმი კოდელისთან შეხვედრისას, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დამყარებაზე გაამახვილეს ყურადღება. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მომავალი თანამშრომლობის მიმართულებებს სამუშაო შეხვედრაზე განსაზღვრავენ. ირაკლი ალასანიამ უცხოელ კოლეგას ალბანელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულისა და ზამთრის სამთო კურსების გავლაც შესთავაზა. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსთვის ალბანეთის პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.
დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან პავლო ლებედევთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშორმლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი ნატოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებსაც შეეხო.