ნატოს შტაბ-ბინაში ISAF-ში მონაწილე ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართა. სხდომას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო.
შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა. მან ავღანეთის ეროვნული ძალებისთვის ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაბარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ამ დროისთვის ადგილობრივი ძალებისთვის უსაფრთხოების გადაბარების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ავღანეთის სტაბილურობა ჩვენთვის კვლავ აქტუალურია. დღეს ჩვენ ვგეგმავთ, თუ როგორ გაგრძელდება ნატოს ახალი მისია და რა სახით გავუწევთ დახმარებას ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ".
თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ გაახმოვანა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ქართული კონტინგენტის მისიაში 2014 წლის შემდეგაც მონაწილეობის გაგრძელების შესახებ. „ნატოს მინისტრებთან გამოსვლაზე ჩვენმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას ნატოს მომავალ ოპერაციაში. ჩვენს კოლეგებს ჩვენი ხედვა გავაცანით, თუ როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს მონაწილეობა ავღანეთისთვის მხარდაჭერის ოპერაციაში. ასევე, ორმხრივი შეხვედრა გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროგრესზე, რეფორმებზე. ეს სჭირდება საქართველოს ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებაში. ჩვენი ჯარები, ჩვენი წარმომადგენლები მაღალპროფესიულად ასრულებენ თავის მოვალეობას. ეს ყველამ დაინახა. საქართველოს უყურებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და კარგ პარტნიორს. ახლა მთავარია ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრობისთვის პოლიტიკურად, ეკონომიკურად მოემზადოს და როდესაც ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდება, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა. ეს არის დროის ფაქტორი. ეს გადაწყვეტილება ნატოს პრაქტიკულად უკვე მიღებული აქვს." - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა
ნატოს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ალასანია უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. იგი უკვე შეხვდა პორტუგალიისა და საბერძნეთის თავდაცვის მინისტრებს. დაგეგმილია შეხვედრები რუმინელ და ალბანელ კოლეგებთან.