საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თბილისის გარშემო თავდაცვის ზღუდეების მშენებლობის საკითხს თავდაცვის სამინისტრო სწავლობს და მთავრობა მისი შეჩერების ან გაგრძელების თაობაზე გადაწყვეყტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
როგორც სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, აღნიშნული მშენებლობის შესწავლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და რიგ შემთხვევებში განხორციელებული სამუშაოები შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
"კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ თავად ამ ზღუდეების შესწავლა მიმდინარეობს როგორც ვიცი, მათ შორის იმ ნაგებობების, რომლებიც სააკაშვილმა ახსენა. რიგ შემთხვევებში მათი ეფექტურობა არის ძალიან დაბალი და მას შემდეგ რაც მთლიანად იქნება შესწავლილი აქამდე წარმოებული მშენებლობები, მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას მისი გაგრძელების ან შეჩერების თაობაზე. აქვე უნდა ითქვას, რომ ქვეყნის თავდაცვა არ იწყება თბილისისთვის რაღაცა თხრილის შემოვლებით, ჩვენ ქვეყნის თავდაცვაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და ისეთი პოლიტიკის წარმოებაზე, რომლის პირობებშიც ქვეყნის დაცვა თხრილებით არ მოგვიწევს. ასე რომ, ის რაც თავის დროზე გაკეთდა, მისი ეფექტურობის შესწავლის აუცილებლობაა. მე უახლესი ინფორმაცია არ მაქვს, უბრალოდ რამდნეიმე თვის წინ დავინტერესდი ამ საკითხით და მაშინ მითხრეს, რომ ამ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და მთელ რიგ შემთხვევებში განხორციელებული სამუშაოები არ აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს. მიმდინარეობს შესწავლა და ვინაიდან ეს თემა კვლავაც აქტუალური გახდა, მე შევეცდები, რომ უახლოეს ხანებში სიტუცაიში უფრო სიღრმსეულად გავერკვე,"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ირაკლი სესიაშვილმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ზღუდეების მშენებლობის საკითხი სახელმწიფო საიდუმლოება იყო და ამის თაობაზე რუსეთმა უკვე გაიგო, სესიაშვილის შეფასებით, ეს განცხადება ცოტა გაუგებარია და ცალკე მსჯელობის საგანია.
"პირველ რიგში, ცოტა გაუგებარია მისი განცხადება. ეს საიდუმლო ინფორმაციას განეკუთვნებოდა, მაგრამ აღარ არისო საიდუმლო, რუსებმა უკვე იციანო. საიდან იცის სააკაშვილმა, რომ რუსებმა უკვე იციან ჩვენი საიდუმლო ინფორმაცია?! ეს ცალკე მსჯელობის საგანია. თუკი იციან, მაშინ როგორ მოხდა ამ ინფორმაციის გამჟღავნება, ეს მეორე თავის ტკივილია,"- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, თბილისის გარშემო, სამხედრო აგრესიისგან თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა შეჩერებულია. მისი თქმით, ყოფილმა ხელისუფლებამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009 წლიდან თბილისის გარშემო თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა დაიწყო და დედაქალაქის ირგვლივ სიმაღლეებზე ბეტონის ბუნკერები გაკეთდა, თუმცა სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრო და ამჟამად, არსებული ნაგებობების ამუშავება პრაქტიკულად მთლიანად საბოტაჟის ქვეშაა.
"თბილისი დღეს კარგად არის დაცული ამ ბეტონის ბუნკერებიდან და თბილისზე ჩრდილოეთიდან შეტევა ძალიან გართულებულია, განსხვავებით 2008 წლისგან. შემდეგ ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თუ რუსებს ჩრდილოეთიდან შემოტევა გაუჭირდებოდათ, ამისთვის გამოეყენებინათ მათი ბაზები სომხეთის ტერიტორიაზე და ეს გეგმა მუშავდებოდა რუსეთში და ჩვენ ასევე დავიწყეთ დედაქალაქის აქეთა, წითელი ხიდის მიმართულებით პორტიფიკაციების გაკეთება. ამ პორტიფიკაციების 70% დამთავრებულია, მზადაა 25 კილომეტრის სიგრძის ანტისატანკო თხრილი და დარჩენილია სულ რამდენიმე კილომეტრი. მშენებლობა სრულიად შეჩერებულია და არსებული ნაგებობების ამუშავება პრაქტიკულად მთლიანად საბოტაჟის ქვეშაა. მე მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი მავნებული ქმედება და მე ასევე მიმაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა ამის შესახებ უნდა იცოდეს,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.