დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გაერთიანებული შტაბის უფროსი დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ. ირაკლი ალასანიამ 2008 წლის აგვისტოს ომში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლებში მიიღო მონაწილეობა. დაშავებული მებრძოლები სამხედრო ცხოვრებაში ამჟამადაც აქტიურად არიან ჩართულები და საკუთარ გამოცდილებას ჯარისკაცებს უზიარებენ.
სამხედროებისთვის მსგავსი სახის ღონისძიებები მუდმივად ტარდება, რაც დაშავებულ მებრძოლთა საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და მათ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. „გვქონდა სროლები ჩვენს მეომრებთან ერთად, რომლებიც სხვადასხვა საომარ მოქმედებაში - ავღანეთში, ერაყში, 2008 წელს დაიჭრნენ და ამპუტირებული აქვთ კიდურები. სამხედროები ძალიან ზუსტად ისვრიან. მათ იოტისოდენადაც არ განელებიათ პროფესიული თვისებები.
დაჭრილი მეომრებისთვის სპეციალური პროგრამა შევქმენით. ამ პროგრამის მიხედვით, უახლოეს პერიოდში მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში გავაგზავნით, სადაც კიდურების აღდგენის კუთხით ყველაზე კვალიფიციურ, ყველაზე მაღალ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას მიიღებენ" - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. სამხედრო მოსამსახურეები პროტეზირების პროგრამას ამერიკულ კლინიკაში ქართული მხარის ორგანიზებით გაივლიან. მათ მექანიკურ კიდურებს ბიო-მიკრო პროცესიანი პროტეზით შეუცვლიან. უახლესი თაობის ელექტრო კიდური სამხედრო მოსამსახურეებს რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. წყალში, მტვერში, თოვლსა და ყინვაში გამძლე ახალი პროტეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. რეაბილიტაციის კურსი ყველა სამხედროსთვის ინდივიდუალურია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ისინი საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს. პირველ ეტაპზე ამერიკულ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს 8 ქართველი მებრძოლი გაივლის. პროტეზირების პროგრამა მომავალში გაგრძელდება და ბოლო ოცი წლის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებულ სამხედროებზეც გავრცელდება.