საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები შეთანხმდნენ, რომ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გეგმას ერთობლივად შეიმუშავებენ, ასევე დეტალურად შეისწავლიან ჯარისკაცებთან ურთიერთობის მექანიზმებსა და ამოცანებს.
დღევანდელ შეხვედრაზე შეიარაღებულ ძალებში ფსიქოლოგიური მდგომარეობის, განათლებისა და ჯარისკაცების მოტივაციის ამაღლების საკითხებიც განიხილეს. ირაკლი ალასანიამ შეიარაღებულ ძალებში მოღვაწე სასულიერო პირებს მოუსმინა და ჯარისკაცების სულიერი მხარდაჭერის საჭიროებებს გაეცნო.
„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკლესიისა და არმიის ურთიერთქმედებას. არაერთხელ გვითქვამს, რომ თუ ადამიანს ღრმა რწმენა არა აქვს, ის სამშობლოსთვის თავს ვერ გაწირავს. ამიტომ ეს ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ, ზოგადად თუ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ საზოგადოებაშიც და ჯარშიც და რა უნდა გავაკეთოთ ამ კუთხით. შევიმუშავეთ ერთობლივი პოლიტიკა, რომ ჯარში მათი საქმიანობა მაქსიმალურად ეფექტური იყოს. ვისაუბრეთ, ასევე როგორ უნდა ვუზრუნველვყოთ ჩვენი არაქრისტიანული აღმსარებლობის თანამოქალაქეების უფლებები" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის სამინისტროში სასულიერო პირებთან სამუშაო შეხვედრები სამ თვეში ერთხელ გაიმართება.