დღეს ავღანეთიდან საქართველოში 155 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა. მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცები მისიას ექვის თვის განმავლობაში ასრულებდნენ. დღეს მათ აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დახვდა. ირაკლი ალასანიამ ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა. „მინდა დიდი სიამაყით ვთქვა, რომ ეს ის ვაჟკაცები არიან, რომლებიც უმაღლესი პროფესიონალიზმით ემსახურებიან როგორც საერთაშორისო, ასევე, საქართველოს უსაფრთხოებას. მინდა მათ დიდი წარმატება ვუსურვო." ჯარისკაცების დასახვედრად აეროპორტში გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მისი პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ზაზა ლელაძე, გაერთიანებული შტაბის სხვა ოფიცრები და ჯარისკაცების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. 42-ე ბატალიონის კაპრალს გიორგი ჩადუნელს აეროპორტში მეუღლე და 3 კვირის შვილი დახვდა, რომლის დაბადება კაპრალმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეიტყო. აეროპორტში ასევე მივიდნენ რუსთავის #2 სკოლის ბავშვები და პედაგოგები. მადლობის ნიშნად სამხედროებმა სკოლას საქართველოს დროშა უსახსოვრეს. როტაციის გეგმის მიხედვით 42-ე ბატალიონი საქართველოში სრულად კვირის ბოლომდე დაბრუნდება. ბატალიონი ავღანეთში ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს.
მასალის გამოყენების პირობები