საქართველოსა და სლოვენიის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ქვეყნებს შორის მომავალი ურთიერთობის შესახებ საქართველოსა და სლოვენიის თავდაცვის მინისტრები ორმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
ირაკლი ალასანიასა და რომან იაკლიჩის შეხვედრა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში სლოვენიაში გაიმართა. მინისტრები საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხსაც შეეხნენ. „ნატოში ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს სლოვენიის მხარდაჭერა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ სამიტზეც, რომელიც მომავალ წელს ჩატარდება, სლოვენია მხარს დაუჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მხარეებმა შეხვედრაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ინიციატივაში საქართველოს გაწევრიანებაზეც გაამახვილეს ყურადღება. როგორც სლოვენიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, სლოვენია მიესალმება საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ინიციატივაში ჩართვას. „როგორც ასპირანტ ქვეყანას, ეს ასევე დაეხმარება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში. რეგიონალურ ინიციატივებში ერთობლივი მუშაობა კი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მხარდაჭერას კიდევ უფრო გააძლიერებს" - განაცხადა რომან იაკლიჩმა. სლოვენიის თავდაცვის მინისტრმა მინისტერიალი დადებითად შეაფასა: „კონფერენციაზე მონაწილე ქვეყნებმა რეგიონში არსებული ინიციატივები პირველად განიხილეს. ჩვენ ვმსჯელობთ არა მხოლოდ დასავლეთ ბალკანეთში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, არამედ ვცდილობთ სხვა ქვეყნებთან ერთად ვიზრუნოთ რეგიონის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე. მოხარული ვარ, რომ საქართველო მონაწილეობს ამ ინიციატივაში და მალე სრულუფლებიანი წევრის სტატუსით ჩაერთვება კონსტრუქციულ განხილვებში".
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიაში დღეს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები