დღეიდან, საქართველოს მასშტაბით ყველა სამხედრო ნაწილში არსებული სასადილოების თანამშრომლები სამხედროებს ახალი ფორმებით მოემსახურებიან. შპს „ქართული კვების კომპანიის" მენეჯმენტმა სასადილოს თანამშრომლებს სპეციალური სტანდარტების მიხედვით შეკერილი ფორმები გადასცა, რაც პერსონალს სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულებაში შეუწყობს ხელს.
მუქ ლურჯ და ნაცრისფერ ფერებში კომბინირებული ახალი კოსტიუმები ბუნებრივი და ჰაერგამტარი ქსოვილით არის შეკერილი. ახალი უნიფორმებისა და ფეხსაცმელების პრეზენტაცია ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის ბაზის სასადილოში გაიმართა.
დღესვე, კომპანიის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ფირცხალაიშვილმა სასადილოს თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილ ტრენინგებზე ინფორმაცია მიაწოდა. სასწავლო კურსები ოქტომბრის თვის დასრულებამდე დაიწყება და თანამშრომელთა ყველა პოზიციას შეეხება. ტრენინგის ძირითადი თემა იქნება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვა, ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები და მომზადებული საკვების გემოვნური თვისებებისა და ხარისხის გაუმჯობესება. ტრენინგების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე პირს ტესტირების საფუძველზე სერთიფიკატები გადაეცემათ.
შპს „ქართული კვების კომპანია" თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას მიმდინარე წლის ივლისიდან ახორციელებს. კომპანიის 100 %-იანი წილის მფლობელია თავდაცვის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა".
მასალის გამოყენების პირობები