საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დასრულდა. სწავლებაში სამთო მომზადების სკოლის მომავალ ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად ჩეხი, სომეხი და უნგრელი სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ.14-მა სამხედრო მოსამსახურემ კურსის განმავლობაში სხვადასხვა სირთულის ამოცანები შეასრულეს. მათ აბულის სასროლეთზე მაღალ მთაში სროლის უნარ-ჩვევები დახვეწეს. სწავლების მესამე ფაზა მყინვარწვერზე გადაადგილებასა და ზღვის დონიდან 4100 მეტრიანი სიმაღლის დალაშქვრას დაეთმო.
კურსის ბოლოს ქართველ და უცხოელ სამხედროებს შემაჯამებელი ტესტირება ჩაუტარდათ.შუალედური სამთო მომზადების კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიალს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი ვიცე-პოლკოვნიკი შალვა ბაჯელიძე დაესწრო. მან სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულების შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.