დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში თავდაცვის მინისტრსა და სამხედრო სფეროში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფს შორის შეხვედრა გაიმართა. აკადემიკოსმა, გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა პროექტის ხიდგამდები „კავკასიონი - 07" AVLB - T72 MLC - 85 პრეზენტაცია წარადგინა.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის-გენერალი ვახტანგ კაპანაძე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და სხვა მეცნიერები დაესწრნენ.
ელგუჯა მეძმარიაშვილმა სამხედრო-საინჟინრო სფეროში ხიდების მნიშვნელობაზე, მათ ძირითად სახეობებსა და სპეციფიკაზე ისაუბრა. მან ყურადღება საიერიშო ხიდის პრინციპსა და დანიშნულებაზე გაამახვილა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიერიშო ხიდის პროექტის ერთობლივად განხორციელება შესთავაზა. როგორც ბატონმა ელგუჯამ განაცხადა, ესკიზური პროექტის მომზადება დაახლოებით სამ თვეში იქნება შესაძლებელი: „საიერიშო ხიდი პირველი იქნება სამხედრო სამამულო ტექნიკაში. ეს ხიდი უპირატესობით გამოირჩევა როგორც ტაქტიკური, ასევე ოპერატიული მაჩვენებლებით. მისი შექმნა საქართველოში და ქართული შეიარაღებული ძალებისათვის გადაცემა მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამხედრო ტექნიკის განვითარებისა და საბრძოლო მოქმედებების მზადყოფნის კუთხით. მეორე მხრივ, მას სამოქალაქო სფეროშიც გამოიყენებენ საგანგებო და ექსტრემალურ სიტუაციებში. და ბოლოს, ამ ხიდის შექმნით საქართველო გახდება ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე მსოფლიო იარაღის ბაზარზე, სადაც შეძლებს წარადგინოს მაღალალკონკურენტუნარიანი და მეცნიერებატევადი ახალი საიერიშო ხიდი".
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წარმოდგენილი პროექტი დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ მას უახლოეს მომავალში განახორციელებენ: „დღეს ბატონი ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ შემოთავაზებული ძალიან საინტერესო პროექტი განვიხილეთ. სამხედრო სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, საინჟინრო ხიდების გადების სისტემა იყოს ჩვენივე წარმოების, რაც მთავარია, ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე. ეს საკითხი ძალიან აქტუალურია ჩვენი სამხედრო ძალებისთვის. ხიდი საგანგებო სიტუაციებისთვისაც შეიძლება იყო გამოყენებული. ქართულ მეცნიერებაში დიდი პოტენციალი არსებობს, რომელიც შეიარაღებულ ძალებს პრაქტიკულად გამოადგება. დღევანდელი შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ. პროექტს თავდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებ საბჭოზე განვიხილავთ. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თანამშრომლობას გავაგრძელებთ და პრაქტიკულ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ როგორც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახურებს", განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის შეფასებით, აღნიშნული ხიდი მოხერხებული და მორგებული კონსტრუქცია იქნება, რომელიც გამოგვადგება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე საჯარისო სხვადახვა ქმედების დროს. მისი აზრით, კონსტრუქციამ შესაძლებელია საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვოს.
დღესვე, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები