ნატოს შემფასებელთა ჯგუფმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) აღებული ვალდებულებების შესრულება დადებითად შეაფასა.
ნატოს შემფასებელთა ჯგუფი, ნატოს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის უფროსის, ფრენკ ბოლანდის ხელმძღვანელობით, საქართველოში იმყოფება. დღეს, ნატოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან.
როგორც ფრენკ ბოლანდმა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს მიერ PARP-ით აღებული ვალდებულებები სწრაფი ტემპით სრულდება. "ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს, რათა საქართველოს შეიარაღებულ ძალები ნატოს სტადარტების შესაბამისად განვითარდეს. მცირე ფინანსური რესურსის გამო, ზოგ სფეროში სირთულეები არსებობს. ეს საკითხი ჩვენ თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განვიხილეთ. ასევე კარგად გვესმის, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიულ არმიაზე სრულად გადასვლის პროცესში, კარიერული წინსვლისა და პერსონალის მართვის სისტემაში, ასევე ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ქართველ კოლეგებს ყველაფერი წინასწარ აქვთ გაწერილი და გვჯერა, რომ ისინი ამ ყველაფერს სწორი მენეჯმენტით შეასრულებენ" - აღნიშნა ფრენკ ბოლანდმა.
ნატოს შემფასებელთა ჯგუფმა ქართულ მხარესთან დოკუმენტის საბოლოო მიღებამდე მნიშვნელოვანი საკითხებიც დააზუსტა. საქართველოს მიერ დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) აღებული ვალდებულებები 29 ოქტომბერს ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში განიხილება.
„ბატონ ბოლანდთან და შემფასებელ ჯგუფთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რათა გამეგო მათი აზრი, შეფასებები, თუ როგორ მიდის რეფორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებულ ძალებში. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ რეფორმის ჯგუფმა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. შეფასება ასევე, ადეკვატური იქნება ოქტომბრის ბოლოს თვითონ ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდანაც. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს ძალიან დიდი ნდობა, რომ ქართული არმია პრაქტიკულად ძალიან დაუახლოვდა ნატოს სტანდარტებს. ურთიერთქმედება არის უმაღლესი. ეს არამარტო ავღანეთში ჩვენი ჯარების მონაწილეობის დროს დასტურდება, არამედ თავად უკვე ინსტიტუციური კავშირით ნატოსა და საქართველოს შორის, ჩვენს თავდაცვის უწყებებს შორის და ეს იქნება საქართველოს ნატოში სამომავლო გაწევრიანების საფუძველი" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ფრენკ ბოლანდთან შეხვედრის შემდეგ.
დღესვე, ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წევრები გაერთიანებული შტაბის უფროსს პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს, მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეებს შეხვდნენ.