ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ავღანეთის თავდაცვის უწყებაში გამართა შეხვედრა. ირაკლი ალასანიასა და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა ბისმილა ხან მოჰამადიმ უმასპინძლა.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს მოლაპარაკების მაგიდასთან მჯდომმა მხარეებმა ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდეგ ორმხრივი ურთიერთობების გამყარების, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და ქართულ სამხედრო საგანმანათლებლო ინსტიტუტებში ავღანელი სამხედრო მოსამსახურეების სწავლა-განათლების საკითხები განიხილეს.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს. „ერთ-ერთი შეთანხმებით ჩვენს სამინისტროებს შორის მომზადდება და შემდგომ გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც სამართლებრივ ბაზას მოგვცემს უფრო აქტიურად დავეხმაროთ ავღანურ მხარეს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში. ავღანელ ჯარისკაცებს ქართულ სამხედრო საგანმანათლებლო ინსტიტუტებში მოვამზადებთ. ასევე მომავალში, როდესაც ISAF-ის ოპერაცია დასრულდება, შესაძლებლობა გვექნება პირდაპირი კავშირებით აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა ავღანელებს. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, არამედ თვითონ ალიანსისთვისაც, რომ ამ ოპერაციის სხვადასხვა აქტიურმა მონაწილე ქვეყანამ ავღანური უსაფრთხოების ძალების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქაბულში, ბაზა „ფენიქსზე" არსებული ქართული ოცეულიც მოინახულა. ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფ ქართველი სამხედრო მოსამსახურეებთან სტუმრობისას ირაკლი ალასანია მათ საცხოვრებელ პირობებსა და ადგილზე არსებულ ოპერატიულ ვითარებას გაეცნო.