„ყაზბეგის" გამშვები პუნქტი გაიხსნა, გზები კეთდება და გვინდა, რომ ზამთრისთვის მზად იყოს. ბატონი გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე კვირის წინ რუსეთში იმყოფებოდა. შესაბამის სამსახურებთან მოხდა შეთანხმება და თუ არ ვცდები 10 მანქანის გატანის პრობლემა არ გვაქვს. გაადვილებული რეჟიმი იქნება სატვირთო ავტომობილების გატარების. ეს ერთი ნაწილია. მალე შალვა ფიფია უკრაინაში იქნება და მერე იქედან რუსეთშიც ექნება ვიზიტი, რათა დავალაგოთ ციტრუსის გატანის საკითხები. თუმცა მარტო ციტრუსზე არაა საუბარი. მალე რთველი მოდის და ამაზე მიდის მზადება, მერე ციტრუსის სეზონი დაიწყება", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
მოკლედ ხაბაძემ განაცხადა, რომ კვირიკაშვილის შემდეგ მოსკოვს სოფლის მეურნეობის მინისტრიც ეწვეოდა.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბატონი კვირიკაშვილი საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრია და იმასაც, რომ ბატონმა ივანიშვილმა, ხაბაძის განცხადებას თუ დავეყრდნობით, სწორედ კვირიკაშვილის ვიზიტის შემდეგ განაცხადა ევრაზიულ კავშირზე, რატომ არის საფუძველს მოკლებული ადამიანებმა და ქართულ პოლიტიკურ კულუარებში ჩახედულმა პირებმა ამ თემაზეც ვისაუბროთ? მით უფრო, როცა ერთი, არც თუ მდარე რანგის ოფიციალური პირი ღიად საუბრობს ბატონი კვირიკაშვილის ვიზიტზე და იმასაც გვპირდება, რომ მალე რუსეთს სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვევა.
მაგრამ, ქართული PR-ის მამები და დედები მიჩნევენ, რომ ჟურნალისტებმა კი არ უნდა იფიქრონ და არც ლოგიკა მოიშველიონ, არამედ, უნდა მიხვდნენ რას გულისხმობს ესა თუ ის თანამდებობის პირი.
მოკლედ, ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნულ თემაზე ბრალი კი დასდო ბატონ ხაბაძეს, მაგრამ განაცხადა, რომ ეს იყო „უნებლიე" შეცდომა და მთელი ბრალეულობა მედიაზე გადმოიტანა.
ამონარიდი ეკონომიკის სამინისტროს განცხადებიდან: "ბატონი არჩილ ხაბაძის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. აჭარის მთავრობის მეთაურს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ის წარმატებული მოლაპარაკება, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაციამ თავის რუს კოლეგებთან 2013 წლის 6-7 აგვისტოს გამართა..."
და იქვე სამინისტროს ბრალდება მედიას: "სამწუხაროდ, ბატონი არჩილ ხაბაძის მიერ უნებლიედ დაშვებული შეცდომა ცალკეული მედია საშუალებების წარმომადგენლებმა არაპროფესიონალურად გამოიყენეს და სიცრუით გაჯერებული თეორიები ააგეს.
ეტყობა მაღალპროფესიული ეკონომიკის სამინისტროსა და მით უფრო, საქართველოს ხელისუფლებისთვის, ძნელი გასავლებია ზღვარი პროფესიონალიზმსა და არაპროფესიონალიზმს შორის".
მგონი, სწორედ ხელისუფლების ცალკეული პერსონები 11 თვეა აკეთებენ დაზუსტებებს, "ჩაზუსტეტებს" და "ჩაკითხვებს".
და როგორც პირისპირ საუბარში ვკითხე ქალბატონ თეა ბოლქვაძეს - ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის უფროს აქ საჯაროდაც გავიმეორებ: ბატონ ხაბაძეს ან ნებისმიერ თანამდებობის პირს უნებლიე შარდვა რომ დაეწყოს, ჩაფსმული არ იქნება?
რას მოითხოვს ხელისუფლება მედიისგან? იმას, რომ ჟურნალისტები ვალდებულები არიან, თანამდებობის პირების „უნებლიე" შეცდომა და მათი ნაგულისხმები მედიამ სწორად გაიგოს? სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ ჩვენ და თქვენ მწვანილსა და ციტრუსზე გაცვალოთ ქვეყნის ინტერესები?
ისე ამ ადამიანებმა, რომლებიც სხვის პროფესიონალიზმე საუბრობენ, იქნებ ერთხელ და სამუდამოდ „ჩააზუსტონ" საკუთარ ხელმძღვანელებთან, რა უნდათ ან მინიმუმ „ჩაეკითხონ" და მათ ყოველი გამოსვლას ვრცელი პრესრელიზები მოაყოლონ.
ისე, თურმე ჩვენი არაპროფესიონალიზმი ყოფილა „ევრაზიულ კავშირზე" ფრთების გაშლა. ამ პრეტენზის შემდეგ პრემიერის ბოლო საჯარო ინტერვიუს სტენოგრამაც „ჩაიკითხეთ" ერთხელაც და რადიო თავისუფლების ვებგვერდზე მოიძიეთ ბატონი ივანიშვილის ინტერვიუ.
უნებლიე წამოცდენად რომ არ მიმიჩნიოთ, ღიად გეუბნებებით, ვინც ამ შემთხვევაში მედიისკენ გამოშვირა ხელი, არაპროფესიონალებიც ხართ და უვიცებიс. თუმცა ამ ხელისუფლებას მაინც არ სჭირდება თქვენზე უფრო ჭკვიანები და პროფესიონალები.
ღრმად პატივცემულო პრესსამსახურის თავკაცებო და თავქალებო, თუ ხაბაძის მტკიცებით ფორმაში ნათქვამის ციტირება არაპროფესინალიზმია, იქნებ თქვენი პრესრელიზებიც გადაგეკითხათ, სადაც თქვენ გულთმისნობას აღიარებთ და აცხადებთ, რომ თურმე ხაბაძე „საარაუდოდ ამას გულისხმობდა"...
რაც შეეხება „ლინგვისტურ" შეცდომას, სახელისა და გვარის დასახელება და კონკრეტული ფაქტის გაჟღერება ლინგვისტური შეცდომა ვერ იქნება. იქნებ ტერმინ „ლინგვისტურის" განმარტებაც გენახათ?
რა დღეს და რა ხვალ, როგორც შეგპირდით თქვენი კოკა, რომელსაც დიდი ხანია წყალი გასდის, წყაროზე დაიმსხვრევა.
„ჯი-ეიჩ-ენი", გოჩა მირცხულავა